184503_447308492027198_1696081420_nაუტიზმის მქონე ბავშვებს ძალიან სჭირდებათ კარგად სტრუქტურირებული გარემო. მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორი წესებია გარშემო შემუშავებული და რა და როგორ მოხდება უახლოეს მომავალში, რას რა მოყვება.

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ძალიან მძიმეა, დაგეგმილისგან განსხვავებულ მოვლენებთან შეგუება. წინასწარშეთანხმებულ განრიგში ან რუტინაში ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა მათი გაღიზიანების, შიშის და სხვა უარყოფითი ემოციების მიზეზი გახდეს.

როგორ დავეხმაროთ: უფროსებმა უნდა შეახსენონ ხოლმე ბავშვს, რა მოხდება შემდეგ ან წინასწარ გააფრთხილონ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. ხშირად ნახატებისა და ვიზუალური მინიშნებების გამოყენება (მაგ. დღის აქტივობათა ვიზუალური ცხრილი) ძალიან დამამშვიდებლად მოქმედებს ამ ბავშვებზე და ეხმარება მათ მოვლენათა თანამიმდევრობის გაგებაში. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცვლილება იგეგმება, შესაძლებელია ნახატები, ვიზუალური მიმანიშნებლები გადააწყოთ და ასე აუხსნათ ბავშვს, თუ რას რა მოყვება ახალი განრიგის მიხედვით.

უფროსები ასევე უნდა შეეცადონ ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა რაც შეიძლება მშვიდად ხდებოდეს. მაგალითად, საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას, როდესაც  მასწავლებელი გადაწყვეტს ერთი აქტივობიდან მეორეზე გადაერთოს და ამისათვის რაღაცეებს ამზადებს, ამ დროს კლასში ბავშვები ხმაურს იწყებენ ხოლმე, მაგრამ მალევე მშვიდდებიან, როგორც კი მასწავლებელი ყურადღებას მიაქცევს, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის კი ამგვარი „დროში გაწელილი” გადასვლები ძალიან გამაღიზიანებლია. მათ შემდეგ დამშვიდება უძნელდებათ. მათთვის უფრო მარტივია, როდესაც შუალედური დრო მინიმალურია და ისინი პირდაპირ გადადიან ერთი აქტივობიდან მეორეზე, რა თქმა უნდა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით.