sasmelebi copy საგნების კატეგორიზაცია სააზროვნო ოპერაციაა, რომელიც ბავშვს ეტაპობრივად შეიძლება შევასწავლოთ. საგნების დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით ბავშვს ასწავლის სტიმულების პირობით კლასს. ბავშვი ახდენს  სტიმულების (საგნების, სურათების)  ორგანიზებას, რომლებიც განხვავდებიან სხვადასხვა ნიშნით,  მაგრამ  აქვთ აბსტრაქტული საერთო ნიშანი, რომელიც მათ აერთიანებს. მაგ, ძროხა, სპილო, და კურდღელი მიეკუთვნება ერთ ჯგუფს, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბევრი თვისებით: ზომით, გარეგნობით, ცხოვრების პირობებით. ამის გათვალისწინებით იმისათვის,რომ ბავშვმა კარგად გაართვას თავი კლასიფიკაციას, საჭიროა გარკვეული  უნარების არსებობა. ეტაპობრივად ეს შეიძლება ასე გავიაროთ:

 1.   ბავშვმა უნდა შეძლოს შეადაროს და დააჯგუფოს  იდენტური სტიმულები, საგნები, და სურათები - იდენტური კოვზები ჩაალაგოს ერთ კალათში და ასევე იდენტური თეფშები მეორეში, ან დაადოს სტაფილოს სურათი  მეორე ასეთივე სურათს.

     2.  ბავშვმა უნდა შეძლოს შეადაროს და დააჯგუფოს მსგავსი სტიმულები.  მაგ,ერთ კალათში (ყუთში) ჩაყაროს სხვადასხვა ზომის და ფერის ბურთები (ანუ შეძლოს ბურთების გაერთიანება ერთ ჯგუფად  მათი ფერისა  და ზომის  მიუხედავად). ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეადაროს მოცულობითი  სტიმული (რეალური საგანი)  ორგანზომილებიან  სტიმულს (საგნის სურათს). ანუ ბავშვმა უნდა დაადოს კოვზი სურათს კოვზის გამოსახულებით. ასევე მიადოს ტელევიზორის სურათი მის ოთახში არსებულ ტელევიზორს, ხოლო ქვაბის სურათი წაიღოს სამზარეულოში და მიუსადაგოს ქვაბს.

    მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის იდენტური და მსგავსი საგნების შედარებას, შეიძლება  გავართულოთ დავალება და ვასწავლოთ კლასიფიკაცია. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კატეგორიზაცია წარმოადგენს აბსტრაქტული ნიშნების მიხედვით საგნების  გაერთიანებას ერთ ჯგუფში და ეს ბავშვისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს.

    დასაწყის ეტაპზე ავირჩიოთ ისეთი კატეგორიები, რომელთაც  ხშირად ხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგ, ვასწავლოთ არა შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა, არამედ ტანსაცმელის  (ამისათვის გამოვიყენოთ მისი ტანსაცმელი, რომელსაც მის თვალწინ გამოვიღებთ კარადიდან ), საკვების (ავიღოთ საკვები სამზარეულოს კარადიდან ან მაცივრიდან), სააბაზანოს მოწყობილობების (კბილის პასტა, საპონი, პირსახოცი, ღრუბელი) ისეთი კატეგორიებისათვის, რომელიც სახლში არ მოიპოვება, მაგრამ ხშირად  ხვდება ცხოვრებაში (თუნდაც  ტელევიზორში: ცხოველები,  ტრანსპორტი) კარგია სათამაშოების გამოყენება (სათამაშო მანქანები,ცხოველების ფიგურები).

    ზოგიერთი ბავშვისათვის უფრო ხელსაყრელია გამოვიყენოთ  სურათები, ვიდრე რეალური საგნები. ამ შემთხვევაში დაჯგუფებისათვის მოსახერხებელია მკვეთრი სურათები, რომლებიც გამოჭრილია კონტურზე. კატეგორიზაციაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დასაწყის ეტაპზე სწავლება ემყარება ვიზუალურ აღქმას,რომელიც აუტისტი ბავშვისათვის ერთერთ ყველაზე ძლიერი მხარეა. იმისათვის,რომ ამ დავალებას ბავშვი არ ასრულებდეს ავტომატურად, არამედ მასში ჩართული იყოს სპონტანური  მეტყველება, საჭიროა პარალელურად ვიმუშაოთ სხვა სამეტყველო უნარებზეც – ისწავლოს  დახმარების მოთხოვნა,  გაიგოს და შეასრულოს ინსტრუქციები, დაასახელოს საგნები. ასევე მნიშვნელოვანია,მოვიფიქროთ რომელ  ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოიყენებს აღნიშნულ ცოდნას -საჭიროა,რომ ამ ცოდნას ჰქონდეს ფუნქციონალური დატვირთვა.