ბევრი აუტისტი  ბავშვი ადვილად სწავლობს მთელ რიგ უნარებს კარგად სტრუქტურირებულ სიტუაციაში – ასრულებენ ინსტრუქციებს ,ერთმანეთისაგან არჩევენ და ასახელებენ საგნებს, აწყობენ ფაზლებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში  ახალი უნარების ათვისება ხდება არა სპონტანურად, არამედ უმეტესად დახმარებით. იმისათვის, რომ მოქმედებათა თანმიმდევრობა დამოუკიდებლად განახორციელოს,ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას   წარმოადგენს დავალების ვიზუალური განრიგის  გამოყენება.

 დავალების ვიზუალური განრიგი   - ეს არის ნახატების ან სიტყვების  ნაკრები, რომლითაც ბავშვი ახდენს ორიენტირებას დავალების დამოუკიდებლად შესრულებისას. ვიზუალური განრიგი შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. თავდაპირველად ეს იქნება საქაღალდე ან ალბომი, რომლის ყოველ გვერდზე მოთავსებულია სურათი ან მოქმედების სახელწოდება,რომლის შესრულებაც არის გათვალისწინებული. განრიგი შეიძლება იყოს ძალიან დეტალური ან უფრო ზოგადი.

     ვიზუალური  განრიგის გამოყენების ძირითადი მიზანია, ის რომ ბავშვმა შეძლოს მისი შესრულება დამოუკიდებლად ინსტრუქციების და მინიშნებების გარეშე.

    მცირე ასაკში განრიგის მიხედვით შეიძლება ისწავლოს თამაშები, მაგ: ფაზლის, პირამიდის აწყობა, მოგვიანებით კი, ისწავლოს ისეთი უნარები, როგორიცაა სახელმძღვანელოს დავალების შესრულება, ჭურჭლის დარეცხვა, სალათის მომზადება, და სხვა.

ვიზუალური განრიგი საშუალებას გვაძლევს :

  • ვასწავლოთ ბავშვს გახდეს დამოუკიდებელი მინიშნებებისა და ინსტრუქციებისაგან.
  • შევამციროთ არასასურველი ქცევები და გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა. განრიგში შეიძლება შევიტანოთ მონაცვლეობით  როგორც რთული დავალებები, ასევე  მისთვის სასურველი აქტივობა.
  • ვიმუშაოთ სოციალური ურთიერთზემოქმედების ჩვევებზე. ვიზუალურ განრიგში შიძლება შევიტანოთ ისეთი მოქმედებები, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლად შეუძლიათ, ასევე ისეთებიც, რომელთა შესრულებისათვისაც საჭიროა თანამშრომლობა,მაგ: ერთი მოქმედება შეიძლება  იყოს ძმისთვის დაძახება  და მისთვის ნახატის  ჩვენება, ხოლო  მეორე -სხვებთან ერთად ბურთის თამაში.
  • თავისუფალი დროის ორგანიზება და ბავშვის მიმართვა უფრო ფუნქციონალურ და ეფექტურ მოქმედებისაკენ – ჩვენ ცხოვრებაში   ყოველთვის ვაკეთებთ ორიენტირებას რაიმე განრიგით (გაკვეთილების ცხრილი ან შესასრულებელი საქმეების სია) ასეთი განრიგი ეხმარება ბავშვს,რომელსაც სოციალური ურთიერთობის  და მეტყველების სირთულეები აქვს მუდმივად ცვალებად სამყაროში ორიენტირებაში და საკუთარი გარემოს  სტრუქტურირებაში.

    სანამ განრიგით ვისარგებლებდეთ, უნდა დავრწმუნდეთ , რომ ბავშვს აქვს საწყისი უნარები ,ესენია:

  • არჩევს  სურათს საერთო ფონზე;
  • შეუძლია შეადაროს  იდენტური  საგნები;
  • შეუძლია გაარჩიოს საგნები სურათებისგან;
  • ბავშვი გვაძლევს შეხების  საშუალებას , რომ გამოვიყენოთ ფიზიკური დახმარება;

   თუ ეს უნარები არ არის ათვისებული, პირველ რიგში საჭიროა მათი ათვისება ცალ- ცალკე.

პირველი ვიზუალური განრიგის მომზადება

 დავალების არჩევა

  დასაწყისში ვიზუალური განრიგისათვის საჭიროა ავირჩიოთ ისეთი მოქმედებები,რომელთა უმატესობა ბავშვის მიერ უკვე ათვისებულია. თანაც მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6 მოქმედებას  და შეესაბამემოდეს ასაკს. ასევე  დასაწყისში  მოქმედებები  უნდა იყოს რაც შეიძლება კონკრეტული.

  •  სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის ვიზალური განრიგი შეიძლება შეეხებოდეს მარტივ თამაშებს, მაგ: ფაზლის, პირამიდის  აწყობა, მოზაიკა, საგნების დახარისხება და სასურველი ტკბილეული.
  •  სკოლის მოსწავლისათვის: კარადაში ტანსაცმლის შენახვა, ტუალეტით სარგებლობა, ხელების დაბანა, მეორე დღისათვის წიგნების ჩალაგება და ვახშამი.
  •  მნიშვნელოვანია, რომ განრიგი დამთავრდეს მისთვის სასურველი აქტივობით, მაგ მიირთვას საყვარელი შოკოლადი.

სურათების მომზადება

     შეიძლება გამოყენებული იქნას ფოტოგრაფიები,რომელზეც გამოსახულია დავალებისათვის საჭირო მასალა. ზედმეტი ფიგურები სურათზე არ უნდა იყოს, ასევე ფიგურა გამოსახული უნდა იყოს ერთფვაროვან ფონზე  და იკავებდეს სურათის მთელ სივრცეს.

მასალის მომზადება

      მომზადებული მასალა უნდა მოთავსდეს პაპკაში ან მცირე ალბომში.სურათები უნდა განთავსდეს სასურველი თანმიმდევრობით  ერთ ხაზზე მარცხნიდან მარჯვნივ.

    სურათებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას მცირე ჩანთები, თითოეულისათვის ცალ–ცალკე შესაბამისი თანმიმდევრობით. სასურველია მიმდევრობაში ჩართული იყოს ისეთი აქტივობა,რომელიც მოითხოვს ბავშვის მხრიდან უფროსისადმი მიმართვას. მაგ: ერთი მოქმედება მოითხოვდეს მისგან დედისადმი რაიმეს მოთხოვნას (მომეცი ჩანთა) ამ დავალების შესრულებისათვის  სურათი უნდა გამოხატავდეს შესაბამის მოქმედებას.

     მანამ, სანამ ვიმუშავებდეთ მთლიან განრიგზე, საჭიროა  დასწავლილი იქნას თითოეული მოქმედება ამ ვიზუალური ინსტრუქციის მიხედვით.

    დასაწყისში ახალი უნარის ათვისებისათვის  საჭიროა გამოვიყენოთ ფიზიკური დახმარება. მას შემდეგ, რაც მივცემთ სიტყვიერ ინსტრუქციას შესასრულებელ მოქმედებაზე (მაგ:გადაშალე ალბომი) გადავდივართ ფიზიკურ დახმარებაზე-დავდგებით  ბავშვის ზურგს უკან და ხელის ხელზე დადებით ვასრულებინებთ აქტივობას – გადავაშლევინებთ ალბომს, თითით მივათითებინებთ პირველ სურათზე, ვაძლევთ ახალ ინსტრუქციას  და შემდეგ ასევე დახმარებით ვასრულებინებთ მოქმედებას, რომელიც სურათზეა გამოსახული. შესრულებული აქტივობის შემდეგ ბავშვი მიიღებს წახალისებას. (მაგ, სასურველი სასუსნავი)   თანდათანობით ვამცირებთ  ფიზიკურ დახმარებას, მანამ სანამ მხოლოდ ინსტრუქცია არ იქნება საკმარისი. ბოლოს ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს დავალების შესრულება.