აი რამდენიმე წესი სასწავლო წლის დასაწყისისთვის: რისი გაკეთებაა აუცილებელი რა არ შეიძლება.

(დორა უილიამსის „აუტისტის ჩანაწერებიდან”)

არ შეიძლება:  არ აიძულოთ ბავშვი, გადაიტვირთოს პირველივე დღეს. ჩემი დედა ყოველთვის მაიძულებდა, რომ ჩამეცვა კაბა პირველ დღეს სკოლაში, რაც მე მზარავდა, იმდენად რამდენადაც, ვერ ვიტან კაბებს, ქსოვილი მაღიზიანებს- ეს იყო ნამდვილი სენსორული ჯოჯოხეთი!

აუცილებელია: მისცეთ საშუალება ბავშვს თავად აირჩიოს ტანსაცმელი (თუ ამის აუცილებლობაა თქვენი დახმარებით), მოამზადეთ ტანსაცმელი საღამოს, დაალაგეთ მოხერხებულ ადგილას. წინასწარ ტანსაცმლის მომზადებით ბავშვი ნაკლებად ინერვიულებს იმის შესახებ, თუ რა ეცმევა მეორე დღეს. ასევე, ასეთ საპასუხისმგებლო დღეს შემცირდება მომზადების დრო.

აუცილებელია:  შეადგინეთ საგნების სია, რომელიც აუცილებელია იქონიოს სკოლაში, ჩაალაგეთ ჩანთა ბავშვთან ერთად. ეს იყო ერთადერთი რეალური დახმარება, რომელსაც მიწევდნენ მშობლები ამ სიტუაციაში. მე ვაღმერთებდი სასკოლო ნივთებს – ფანქრებს, კალმისტრებს, რვეულებს, საქაღალდეებს და ა. შ. ყოველ წელს, სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში მშობლებთან ერთად ვარჩევდი სასკოლო ნივთებს. ჩვენ ვცდილობდით გამოგვეყენებინა, რაც ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ თუ რაიმე გვაკლდებოდა,  მივდიოდით ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც მე ასევე ძალიან მიყვარდა. ამ მაღაზიაში ყოველთვის თან გვქონდა სია, რომელიც ჩემი მონაწილეობით იყო შედგენილი – ამგვარად მე შევეჩვიე ორგანიზებულობასა და არა ყველა ხარახურის, არამედ მხოლოდ აუცილებელი საგნების ყიდვას. როცა წამოვიზარდე, მშობლები მაძლევდნენ ხოლმე გარკვეულ თანხას, რომელსაც  დამოუკიდებლად ვხარჯავდი სასკოლო ნივთების შესაძენად. თუ ჩემი მოთხოვნილებები აღემატებოდა ჩემთვის მოცემულ თანხას, მე თავად უნდა მეპოვა გამოსავალი. ფინანსური დაგეგმვის სწავლება მოქმედებით ხდება!

ამას გარდა მე თვითონ ვალაგებდი ჩემს ნივთებს. ცოტა რომ გავიზარდე,  თვითონ ვამზადებდი ჩემს საქაღალდეებს, დღიურს, რვეულებს მეცადინეობების დაწყებამდე გაცილებით ადრე.  ადრეული მომზადება ყოველთვის მმატებდა თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს გაკვეთილებზე.

არ შეიძლება:  არ გადადოთ ჩანთის ჩალაგება უკანასკნელი წუთებისთვის. ეს იწვევს არასასურველ სტრესს და არ აძლევს ბავშვს საშუალებას იყოს ჩართული მომზადების პროცესში. მე ყოველთვის მიიოლდებოდა ახალ სიტუაციაში ყოფნა, თუ ყველაფრის მოფიქრების შესაძლებლობა მქონდა წინასწარ.

აუცილებელია: მიიყვანეთ ბავშვი სკოლაში ზაფხულში, ვიდრე სწავლა დაიწყება, უკეთესია შეარჩიოთ ისეთი დრო, როცა მასწავლებელი ამზადებს საკლასო ოთახს, რათა ბავშვი წინასწარ გაეცნოს მასწავლებელს და მიეჩვიოს სკოლის გარემოს. ამის შემდგომ დაგეგმეთ რაღაც სასიამოვნო, მაგალითად: გასეირნება პარკში ან კაფეში.

აუცილებელია: ასწავლეთ ბავშვს დაიცვას თავისი ინტერესები. თუკი თქვენ სასწავლო წლის დაწყებისას აძლევთ მასწავლებელს მოკლე დახასიათებას ბავშვის თავისებურებების შესახებ, შეეცადეთ ჩართოთ ამაში ბავშვი. კითხეთ რა სურს, მოუყვეს თავის შესახებ ახალ მასწავლებელს და დაამატეთ ბავშვის დახასიათებაში ყველაფერი რასაც შემოგთავაზებთ ბავშვი. თუნდაც ეს თქვენ ძალიან უმნიშვნელოდ და არა არსებითად მოგეჩვენოთ, მაგ: როგორიცაა ,,მე არ მიყვარს ნარინჯისფერი“ და ა. შ. ეს ინფორმაცია დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ გაუგოს ბავშვს. უთხარით ბავშვს, კიდევ რა სურს დაამატოთ მის დახასიათებას. ეს გააუმჯობესებს მის თვითცნობიერებას, უკარნახებს საჭირო (აუცილებელ) ტერმინოლოგიას და ინსტრუმენტებს საკუთარი ინტერესების დასაცავად აუცილებლობის შემთხვევაში. მაგრამ ნუ ელით სწრაფად შედეგებს. საჭირო იქნება მრავალგზის გამეორება, მოთმინება და შეცდომებისთვის მზაობა. თუმცა ღირს ადრევე დათესოთ ბავშვში ეს მარცვალი და დაინახავთ როგორ აღმოცენდება და განვითარდება იგი.

აუცილებელია: ისაუბრეთ ბავშვთან იმაზე, რომ მალე კვლავ უნდა წავიდეს სკოლაში. მე ყოველთვის განვიცდიდი უზარმაზარ შიშს ჩემთვის უცნობის, უჩვეულოს გამო. რაც მეტი ვიცოდი რაიმეს შესახებ, მით ნაკლებად მიპყრობდა შფოთვა (ძირითადად ეს წესები მართებულია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც).

არ შეიძლება:  არ გაატანოთ თან ბავშვს საჭმელი, რომელიც არ უყვარს, თუნდაც ის ყველაზე ,,ჯანსაღი კვების“ მენიუდან იყოს. ეს იყო დიდი პრობლემა ჩემთვის მოსამზადებელ სკოლაში-დედა ყოველთვის მატანდა ,,ჯანსაღ საკვებს“, რომელიც ამასთანავე ჩემთვის სენსორული ტანჯვის მიზეზი იყო. მე იშვიათად ვიკვებებოდი ჩემი ლანჩით, ამიტომ მთელი დღე ვიყავი გაღიზიანებული და ვგრძნობდი თავს უბედურად, რაც სწავლისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ იყო. მაღალი შფოთვის გამო პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში ისედაც უხერხულობაში გვაგდებს მუცელი,  ხოლო უგემური საჭმელი კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ამ სიტუაციას. იმის გაცნობიერება, რომ შენ თან გაქვს წამოღებული უგემური საკვები, აძლიერებს საერთო  შფოთვას, განსაკუთრებით თუკი კვება გიწევს ხმაურიან სასადილოში, რომელიც თავისთავად ძლიერ სენსორულ გადატვირთვას იწვევს.

აუცილებელია:  შეეკითხეთ ბავშვს, რომელი საკვები უნდა რომ წაიღოს/იქონიოს თან. თუკი ბავშვი იმდენადაა გაზრდილი/წამოზრდილი, რომ შეუძლია ყურადღების მოკრეფა,  მოიხმარეთ ლანჩის მომზადებაში. ეს შესძენს მას დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის კვების დაგეგმვის ჩვევებს და ამას გარდა, უფრო მაღალი იქნება მოლოდინი, რომ შეჭამს გატანებულ საჭმელს.  მოსამზადებელ სკოლაში წარუმატებელი საუზმეების მერე, დედამ გადაწყვიტა, რომ მე თვითონ მოვიმზადებ საჭმელს თუ მომინდება. ეს არაა საუკეთესო გზა, ასწავლო ვინმეს საუზმის მომზადება, მაგრამ იმაში გარკვევა, თუ რა უნდა მეჭამა, ჩემთვის  ერთგვარად ხსნა იყო ყოველდღიურ კვებასთან დაკავშირებული შფოთვისგან.

აუცილებელია:  ჩაუდეთ ჩანთაში პატარას რამე განსაკუთრებული ნივთი, მაგ: რბილი  პლუშის სათამაშო ცხოველი სენსორული სტიმულაციისთვის, ან ღია ბარათი წარწერით ,,მე შენ მიყვარხარ“, უბრალოთ  ნებისმიერი პატარა რამ, რაც მას გაახარებს. არ დამალოთ თქვენი სიურპრიზი ძალიან გულმოდგინეთ, თორემ შესაძლოა ბავშვმა ვერც შეამჩნიოს ის! თუ ბავშვს უყვარს კითხვა, ჩაუდეთ ჩანთაში ახალი წიგნი, ან პირიქით, მისი საყვარელი უკვე გაცვეთილი წიგნი, რომლის დანახვაც უკვე მოუტანს სიმშვიდეს. კარგია თუ ხელთ მუდამ ექნება ორიოდე წიგნი, რომელსაც წაიკითხავს მისთვის არაკომფორტულ სიტუაციაში.  სწორად შეაფასეთ დამამშვიდებელი ნივთების ძალა.

არ შეიძლება:  არ უთხრათ ბავშვს, რომ სკოლაში თავს იგრძნობს ცუდად. უნდა დაეხმაროთ ბავშვს დარწმუნდეს საკუთარ თავში!  ჩემი მშობლები ძალიან ცუდად ახერხებდნენ ამას, თითქმის ვერ უმკლავდებოდნენ ამ ამოცანას.

აუცილებელია: გადახედეთ  კვირის გაკვეთილების ცხრილს ბავშვთან ერთად. პირველი კვირეები ხშირად მიდის არასრული დატვირთვით. ეს იწვევს აღრევას, იმდენად რამდენადაც ცხრილში ცვლილებები   მძიმედ აღიქმება. აქ დაგეხმარებათ ვიზუალური მინიშნებები და მასწავლებლის მიერ დროული გაფრთხილებები ცხრილის ცვლილებებთან დაკავშირებით. მე ჯიბით დამქონდა მომავალი დღის ცხრილი და ყველაზე მეტად ეს მაწყნარებდა, იმდენად რამდენადაც ყოველთვის ვამოწმებდი, რა მექნებოდა შემდეგ და რა დროს.

აუცილებელია:

ავარჯიშეთ დილით ადგომასა და სახლიდან დროულად გასვლაში. რეპეტიციები დაიწყეთ სკოლაში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც. თუ თქვენ კარგად გავარჯიშდებით დილის განრიგში, მაშინ პირველი დღე სკოლაში იქნება უფრო მსუბუქი. გაურკვევლობების სიიდან უნდა წაიშალოს  კიდევ ერთი ,,უცნობი“.

აუცილებელია: შეეცადეთ, მოეშვათ. თქვენი განწყობა გადადის და აისახება ბავშვზე. ჩვენ იოლად ვიღებთ სხვისგან ემოციებს. თუ მშობლები შფოთავენ, ჩვენ უფრო მეტად განვიცდით იგივეს. რეპეტიციები, სოციალური ისტორიები და ვარჯიში  დაგეხმარებათ სწავლის  დაწყების პირველ დღეებში შეამციროთ სტრესი სკოლაში. ეცადეთ შეამციროთ  სენსორული დატვირთვა (მიაქციეთ ყურადღება ტანსაცმელს, საჭმელს, ხმებს და განათებას) – და ბავშვი გახდება უფრო მშვიდი და ბედნიერი, მომზადებული სწავლისთვის.

აუცილებელია:

ნუ დაეჭვდებით ბავშვის შესაძლებლობებში. თქვენი შვილი გონიერია, ნიჭიერია და მზადაა ისწავლოს, თუ შექმნილია სწორი პირობები და არის აუცილებელი ინსტრუმენტები. უზრუნველყავით ყოველივე ეს და თქვენი შვილი დროთა განმავლობაში გახდება საუკეთესო ადამიანი, იმდენად საუკეთესო, რამდენადაც ეს შესაძლებელია.